გორული მწვანე
ქართლის მეღვინეობის რაიონში თეთრყურძნიანი ვაზის სამრეწველო აბორიგენულ ჯიშთა შორის ერთ-ერთი ჯიშია- გორული მწვანე. ის ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშია, რომლის მტევანი საკმაოდ დიდი ზომისაა, მსხვილი, ლამაზი მოყვანილობის და გამორჩეული გემოც აქვს. გორის რაიონში გავრცელებულია ორი სახის გორულა: გორული მწვანე, რომლისგანაც ძირითადად მზადდება ღვინო და სასუფრე გორული. ამ ორი ჯიშის ერთმანეთისგან გასარჩევად ადგილობრივი მოსახლეობა საღვინე გორულას მწვანე ვაზს უწოდებს, სასუფრეს კი-უბრალოდ გორულას.
საქართველოში აბორიგენულ სუფრის ყურძნის ჯიშთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ზემოაღნიშნული ყურძნის ჯიში. გორულას პროდუქციის გამოყენება ღვინოდ არ არის მიზანშეწონილი, ვაზის ამ ჯიშს ხშირად სხვა საღვინე ჯიშებთან ერთად კუპაჟად იყენებენ ჩვეულებრივი ან შამპანურის ღვინის დასამზადებლად. გორული მწვანის ყურძნის ჯიშისგან ცალკე დაყენებული ღვინო ხასიათდება დაბალი მჟავიანობით, ალკოჰოლის ნაკლებობით და მდარე ჰარმონიულობით. მიუხედავად ამისა, ყურძნის ეს ჯიში გამოირჩევა ზრდის სიძლიერით, უხვი მოსავლიანობით, შენახვის დიდი უნარით და ტრანსპორტაბელობით.