You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience and security.
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Vkontakte
  • Pinterest

ქვევრი

20 დეკემბერი, 2016

ქვევრი  ოვალური ფორმის ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელია

ტრაბახში ნუ ჩამოგვართმევენ ქართველებს და უდაოდ ღვთის ნაკურთხ მიწაში გვაქვს ფესვები გადგმული, მიწაში, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრია და ღვთისგან ნაბოძები უამრავი საუნჯითაა აღსავსე. ოდითგანვე  აქ, მთის წყაროებით ნაჟურ მიწაში,  ვაზის არაერთმა მადლიანმა ჯიშის ნერგმა გაახილა ნორჩი თვალი, აიდგა ფეხი და მთელს ალაზნის  ველს მარგალიტის ცრემლებივით  მოეფინა ლაღად, მაგრამ არ გაჩერდა  და, ჰოი, საოცრება! - თვით ქართველი კაცის გულამდეც კი გაიკვლია  გზა, შიგ გულის გულში შეაღწია და  მარად იქ დაიდო ბინა. ვაზის სიყვარულით  კაცის გული გონებას შეუერთდა და მთელი რუდუნებით საკუთარი ხელით თიხისგან უბადლო ჭურჭელი შექმნა, რომელსაც ქვევრი უწოდა.  ამ ღვთისნიერ მიწაზე   უძველესი ქვევრის შექმნა სათავეს 7,000-ზე მეტი წლის წინ იღებს, დიახ, იმ მისტიკური ჭურჭლისა, რომლის გულშიც ვაზის ჩუხჩუხი და დაღვინება მეღვინეობაში  ცნობილ უძველესს  ტრადიციად იქცა. სწორედ რომ საქართველოა ის ერთადერთი და განუმეორებელი  ქვეყანა, საიდანაც   ღვინის ქვევრში დაყენების მეთოდი   გავრცელდა  სხვა ქვეყნებში, (როგორიცაა: მესოპოტამია,  ეგვიპტე, საბერძნეთი და მის ფარგლებს გარეთაც). ისე,  ძველად ჩვენში ქვევრს განა მხოლოდ  ღვინის დასაყენებლად იყენებდნენ,  მარცვლეულს, ერბოს, ყველს, ჭაჭას, არაყს, მწნილეულსა და სხვა საკვებსაც ინახავდნენ  მასში.

          ისე, დაილოცოს ის ხელი, რომელმაც  დიდი კვერცხის ფორმის, ამფორის მსგავსი- მხოლოდ სახელურების გარეშე,  ჭურჭელი-ქვევრი შექმნა. ამ, მართლაც და, ღვთისნიერ ჭურჭელს  ათავსებენ ან  სპეციალურ სარდაფებში ანუ  ე.წ. მარნებში ან  იატაკის ქვეშ მიწაში. ქვევრი ზომებში განსხვავებულია: მისი  მოცულობის რადიუსი  20 ლიტრიდან 10,000 ლიტრამდე შეიძლება იყოს. ქვევრის სტანდარტული ზომა 800 ლიტრის მოცულობისაა. 

          ბედნიერებაა ის ფაქტი, რომ  საქართველოს სამხრეთ რეგიონში, კერძოდ,  ქვემო ქართლის რეგიონში (განსაკუთრებით დანგრეული გორის, გადაჭრილი გორის  და სოფელ იმირის მიდამოებში)  არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ  იქნა ყურძნის წიპწები და ქვევრები, რომლებიც დათარიღებულია  ჩვ. წ. აღ.-მდე ანუ ქრისტეშობამდე VI ათასწლეულით.

 

         გაგიკვირდებათ და სპეციალური თიხისგან  დამზადებული ხელთნაკეთი ქვევრი ,,ცოცხალია’’,  ნახევრად მიწაში ჩაფლული ეს ბუმბერაზი  ,,სხეული’’  ,,სუნთქავს’’,  მასში ,,სიცოცხლე’’  დუღს  და ეს ‘’სიცოცხლე’’ თავად ქართული უნიკალური ღვინოა, დიახ, ასე ამბობენ ხოლმე -  ქვევრში ღვინო  იგივეა, რაც სხეულში სულიო. თუ ერთმანეთს დავაშორებთ, იცით რა მოხდება?-  ,,სხეული’’ გაიხრწნება და მოკვდება...  სამწუხაროა, არა? - ჰოდა,  მდნარი  ცხიმით ან  ფუტკრის  ცვილით  გაპოხილ ამ არამიწიერ ,,სხეულში’’ არ უნდა ჩქეფდეს  ,,სიცოცხლე’’ უწყვეტად განა ?- ჰო, ეს ასეა!  მისი ,,სული’’  ხომ  ვაზის უმრწმესი ,,შვილია’’?-  ,,ცოცხალი’’, ნორჩი ძარღვებით,  ,,ჩვილის’’ ცრემლებით, ჩუხჩუხა,  და თუკი არის  ჯანსაღ  ,,სხეულში’’ დასაბრძენებლად გამზადებული,  როცა  ზრდას შეაჩერებს, ის ჯანსაღ ღვინოდ  იქნება გადაქცეული.  ასეთი  ქვევრი   შეიძლება გამოყენებულ იქნას  ასი და  უფრო მეტი წლის განმავლობაში ისე, რომ   გავლენა  არ მოახდინოს   ღვინის გემოზე. ცარიელ  ,,ქანცგაწყვეტილ’’ ქვევრს მოვლა-პატრონობა სჭირდება. რა, არა?-კირიანი წყლით გამორეცხვა და  ხელახლა ფუტკრის ცვილით გაპოხვა, რათა ღვთის მადლით კვლავ ,,სიცოცხლემ’’ დაივანოს მის ,,გულში’’! - „ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელს ღვინოსა!’’… (თაყაიშვილი 1913:1).                                                               

P.S

          ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს  (UNESCO) კომიტეტის  მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და ჯენევის ეზოში საპატიო ადგილას დაბრძანდა.